ნინო ჯანგირაშვილის პოსტი ევროპის მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ განკარგვასთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

საინფორმაციო პორტალი XNEWS ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გვთავაზობს.  

აღნიშნულ პოსტში, ჯანგირაშვილი საუბრობს ევროპის მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილ თანხებზე და ირწმუნება, რომ ხელისეუფლება თანხებს არამიზნობრივად განკარგავს და არც მოსახლეობას აყენებს საქმის კურსში.

გარდა ამისა, ნინო ჯანგირაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს პანდემიასთან მიმართებაში ხელისუფლების ქმედითუნარიანობის შესახებ და ამტკიცებს, რომ მონდომების შემთხვევაში, მხოლოდ 2 კვირაა საჭირო ვაქცინის შემოსატანად.

ჯანგირაშვილის ნააზრევს ლოგიკურ საფუძველს აცლის საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა, რომელიც ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ძირითადად, მიმართულია ჯანდაცვის, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად.

რაც შეეხება ვაქცინის დაჩქარებული წესით შემოტანის საკითხს, რეალურად, კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია სამუშაო შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავს.

18 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კომისიის წევრებს შეხვდა, სადაც ყურადღება გამახვილდა როგორც ვაქცინის დროულ შემოტანაზე, ისე ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ საკითხებზე.

ამასთან, საზოგადოებრი მაუწყებლის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარს დროს ჯანმოს დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში და მზადყოფნას გამოთქვას, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინარ დაგვზოგოთ!

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

 

არც ის მაინტერესებს ვინ მივიდა მოლში 7 საათზე და არც ის, ვინც იმის დათვლით ერთობა ვინ მივიდა მოლში. ჩვენ ვართ ძალიან უტვინო ხალხი. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აი თითქმის ყოველდღე მომდის მეილზე ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი მილიონი გამოგვიყო ევროპამ ეკონომიკის აღსადგენად, ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზებისთვის, კოვიდ19–თან ბრძოლისთვის, (აი, სულ ბოლოს 100 მილიონი ევრო, მანამდე კიდევ უამრავი). ხელისუფლება ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე, ზის ჩუმად და ჭამს ამ ფულს. ჩვენ ვსხედვართ ჩუმად და ვეხვეწებით, სავაჭრო მოლები საღამოს შვიდზე კი არა, რვაზე დახურეო. ბიზნესი აკრძალეს, ადამიანებს ცხოვრება აუკრძალეს, 300 ლარიანი დახმარება გადაუგდეს ორ კაცს, არანაირი კომპენსაცია, არავითარი შეღავათი. ბიზნესი წუწუნებს საწყლად და მორჩა. კი არ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, ვწუწუნებთ და მოვთქვამთ. გახარიამ გუშინ ისიც კი გაბედა პარლამენტში ერთქვა , რაც არის საგადასახადო შეღავათები უნდა გადავხედოთ და გავაუქმოთო. რატომ არ გაბედავდა? ძალაუფლებაში დავტოვეთ ხელისუფლება, რომელიც პანდემიის დროს გაბედნიერდა და გამდიდრდა, ჯანდაცვა ფეხებზე დაიკიდა, არაფერი არ გააკეთა, მათი ნაძირლობის გამო ახლა გაურკვეველი ვადით ვართ გამოკეტილები. ვაქცინაზე ჯერ არც იფიქროთო. არადა მაქსიმუმ ორ კვირაში შეუძლიათ ვაქცინის შემოტანა რომ მოინდომონ, მაგრამ არ აინტერესებთ. ვინ თხოვს? რატომ შეიწუხებენ თავს? ჩვენ ვსხედვართ და ვღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე. ახია ჩვენზე. უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინ. არ დაგვზოგოთ!

https://xnews.ge/%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a2/  

საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს - ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ შეძლო საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე და აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი. ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით.

პრეზენტაციის დროს ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან მიიმართა დამატებითი თანხები პანდემიის წინააღმდეგ - ესაა ჯანდაცვა, მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერა.

პანდემიაზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის ნაწილში გამოიყო დამატებით 420,0 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი. ბიზნესის მხარდაჭერაზე გამოიყო მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი. განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათები, რომლითაც სარგებლობს 33 ათასზე მეტი კომპანია, 425 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე;
საგადასახადო ადმინისტრირება - არის კიდევ ერთი თემა, რომელზეც ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება;
ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა შემოსავლების სამსახურის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მისი თქმით, პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას.

პრეზენტაციაზე ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა რეფორმებზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმად დაასახელა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა. მისი თქმით, 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დაბრუნებული გადასახადები თითქმის გაოთხმაგდა. როგორც მან აღნიშნა, 2020 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. შექმნილია სრულად ავტომატიზებული დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა, როდესაც მეწარმეს მოთხოვნის გარეშე უბრუნდება მისი კუთვნილი ზედმეტობა. ავტომატური დაბრუნების სისტემით, პირველივე თვეში ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი. ახალი სისტემა, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ასობით მილიონი ლარის ფინანსურ აქტივზე შეუფერხებელ წვდომას და მისი ეკონომიკური ეფექტით იგი უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოსავლების სამსახურში განხორციელდა საგადასახადო ადმინისტრაციების დიაგნოსტიკური შეფასება. შეფასების მიხედვით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია შეფასების 14 ინდიკატორი. საჯარო ფინანსების გამჭირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, საქართველო კვლავ იმყოფება სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში.

საშუალოვადიან გამოწვევებად ფინანსთა მინისტრმა დაასახელა მთავრობის ვალის შემცირება, დეფიციტის შემცირება, კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მშპ-ს 8%-იან ნიშნულზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა, ფისკალური რისკების შემცირება, სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა. 

https://mof.ge/News/9617 

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიასთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით.

ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

https://1tv.ge/news/janmo-s-generalurma-direqtorma-giorgi-gakhariastan-saubrisas-mzadyofna-gamotqva-mkhari-dauchiros-saqartvelos-rata-qveyanam-kovidvaqcinis-pirveli-dozebi-rac-sheidzleba-adre-miighos/