„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის - „მთავარი“ ენუქიძის გადაწყვეტილებაში ბიზნესინტერესებს ხედავს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია.

„პოსტვსთან“ ენუქიძემ განაცხადა, რომ ჯობია,პარლამენტიდან იბრძოლო და შენი ხმა ყველას გააგონო.

აღნიშნულ ინფორმაციას „მთავარი არხი“ მსუბუქად რომ ვთქვათ, ჩვეული კრიტიკით ეხმაურება.

არხი ამტკიცებს, რომ  ოპოზიციის პარლამენტში შესატყუებლად მმართველი ძალა მოსყიდვის, დაშინების და შანტაჟის გზებს მიმართავს. ავთანდილ ენუქიძესთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ენუქიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი და წლების განმავლობაში ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებას პარლამენტში შესვლითა და საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებით ცდილობს.

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერი - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერი - ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. ინფორმაცია ენუქიძემ “POSTV-თან“ დაადასტურა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განცხადებით, გადაწყვეტილება თანაპარტიელებისგან დამოუკიდებლად მიიღო. ენუქიძის თქმით, ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.

„როცა იქნება, შევალ. როდის შევალ, არ ვიცი. ჩემი შეხედულება ასეთია: ჯობია, პარლამენტიდან იბრძოლო და შენი ხმა ყველას გააგონო.

თავიდანვე ვიცოდი, ამათ ზაფხულში რომ ატეხეს წივილ-კივილი. ვთქვი, რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრებულიყო, ესენი მაინც ამას იზამდნენ. ვგულისხმობ სააკაშვილს და მთელ მის გუნდს“, - განაცხადა ენუქიძემ.

 

არჩევნების შედეგების მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა, სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტს ორი დღის წინ მიმართეს.

მოსყიდვა, დაშინება, შანტაჟი ოპოზიციის პარლამენტში შესატყუებლად -"ოცნების" ჩრდილოვანი კაბინეტი ამოქმედდა

„ქართული ოცნების“ ჩრდილოვანმა კაბინეტმა პოლიტიკური დალაგება დაიწყო. მრგვალმა მაგიდამ შედეგი ვერ დადო, ინდივიდუალურმა შეხვედრებმა კი, პარლამენტის დაფაზე, პირველი პაიკი გაათამაშა. პირველი განცხადებაც ოპოზიციაში გაკეთდა და მოულოდნელიც არაფერი ყოფილა.

ქართული ოცნების მხრიდან ფარული გარიგების გაფორმებისას, სამიზნე მხოლოდ სტრატეგია აღმაშენებელი არ ყოფილა. ირკვევა, რომ ხელისუფლება პარტიებთან მივიდა და პარლამენტში შესვლა ზოგს სთხოვა, ზოგს კი მოსთხოვა.

თაკო ჩარკვიანის საჯარო განცხადებამ ერთპარტიული პარლამენტის წევრების ნაწილი გააკვირვა, ნაწილიც კი გაამხიარულა. მმართველი გუნდის ახალ სახეებს სტაჟიანი მეოცნებეების სჯერათ, ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არავის მოსყიდვას და შანტაჟს არ ცდილობს.

ავთო ენუქიძის მრავალწლიანი ოცნება, დაბრძანებულიყო საკანონმდებლო ორგანოში, უკვე ასრულებულია. რის ფასად, ეს უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია, რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ ერთობაში პირველი სუსტი რგოლი ისე აღმოჩნდა ივანიშვილის სათამაშო მოედანზე, რომ თანაგუნდელები საქმის კურსში არც კი ჩაუყენებია. 

პატრიოტთა ალიანსის წევრს პოლიტიკაში ჩართვამდე საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მანამდე კი ედუარდ შევარდნაძის დროს ის პოლიციაში მუშაობდა.

ახლა პარტიული სიის 132 წევრიდან პოზიცია მხოლოდ ენუქიძემ გადათქვა. მის გამო თავის მართლება დღეს გუნდის ლიდერებს მოუწიათ. პატრიოტთა ალიანსში საგანგებო ბრიფინგზე ისევ დაადასტურეს, რომ ერთი გამონაკლისის გარდა, საპარლამენტო მანდატს ყველა თმობს და ბოიკოტს განაგრძობენ. 

თანაგუნდელის გასამართლებლად პარტიის ოფისში ისიც ითქვა, რომ ენუქიძემ ბიზნესის კეთება უკეთ იცის, ვიდრე პოლიტიკის, თუმცა არგუმენტი, რომ ის ბიზნესჯგუფს წარმოადგენს და არჩევანში თავისუფალია, პოლიტიკური და პარტიული სოლიდარობის ფონზე, პატრიოტთა ალიანსს უხერხულ მდგომარეობაში მაინც აგდებს.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ენუქიძე პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი და ერთგვარი „პარტიული ხაზინადარი“ იყო, ლოგიკური ვარაუდია, რომ წლების განმავლობაში ჩადებულ ინვესტიციას, პარლამენტში შესვლითა და საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებით, ახლა დივიდენდების სახით უკან დაიბრუნებს. ქართულ ჯიგრულ პონტში, ყველამ იცის, რომ ვალს გადახდა უნდა.